Person

 

10 ქველმოქმედი ბრენდი

ღირებულებები არ არის მხოლოდ ადამიანური. ის ისეთ ორგანიზაციულ ინდივიდსაც აქვს, როგორიცაა კომპანია. თუ თქვენ ბრენდის ხსენებისას მის მიმართ თუნდაც ირაციონალური, მაგრამ ნაწილობრივ ჩამოყალიბებული ასოციაციები გიჩნდებათ, იცოდეთ, რომ ამაზე ორგანიზაციაში ბევრ ადამიანი ზრუნავს. ეს არის ჩონჩხი, რომელზეც აგებულია ბრენდინგი, სარეკლამო და პიარ–კამპანიები, ბრენდის ყველა აქტივობა, ვერბალური თუ ვიზუალური საკომუნიკაციო საშუალებები. იქაც კი, სადაც ამაზე არ ფიქრობენ, ყალიბდება ბრენდის ზოგადი, დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები, რაც გარე თვალისთვის, ერთიანობაში უფრო შესამჩნევია.

ბრენდის ერთ–ერთ ღირებულ თვისებად, განსაკუთრებით დღეს, ქველმოქმედება მიიჩნევა. შესაძლოა მას სოციალური პასუხისმგებლობაც ვუწოდოთ. ბრენდი, რომელიც ზრუნავს მათზე, ვისაც ეს სჭირდება, მომხმარებელში დადებით ასოციაციებს და მეტ პატივისცემას იწვევს. მხოლოდ ერთი დეტალია – თუ თქვენ მსგავსი ბრენდების პროდუქტს შეიძენთ, მათი ქველმოქმედების შესახებაც აუცილებლად გაიგებთ. ამ სტატიაში 10 ყველაზე ცნობილ ქველმოქმედ ბრენდს ჩამოვთვლით.

1. TOMS ალბათ ყველაზე ცნობილი ფილანტროპი ბრენდია, რომელიც ფეხსაცმელებს და აქსესუარებს აწარმოებს. TOMS-ის პროდუქტის ყოველი შენაძენის სანაცვლოდ, კომპანია აფრიკაში აგზავნის ანალოგიურ პროდუქტს და 1 ადამიანს 1 კვირის განმავლობაში სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

 

2. SEVENLY ონლაინ ბრენდია, რომელიც მაისურებს და აქსესუარებს ქმნის. ყოველი გაყიდული ნივთის საფასურიდან 7 დოლარი საქველმოქმედო ყულაბაში მიდის, რომელიც სხვადასხვა პროექტს ხმარდება. ამ გზით, ბრენდმა უკვე 4 მილიონი დოლარი მოიზიდა.

 

3. SAME SKY ქალბატონებს რუანდიდან ნიუ იორკში გადაბარგებას უზრუნველყოფს და მათ ხელნაკეთი სამკაულის შექმნას ასწავლის და შედეგს მთელ მსოფლიოში ყიდის. თავდაპირველად, კომპანია ამ მისიით რუანდაში მუშაობდა, თუმცა გენოციდის შემდეგ, SAME SKY-მ გადაწყვიტა, დაზარალებული ქალებისთვის ნიუ იორკში მუშაობის საშუალება მიეცა.

 

4. FEED–ის მისია მის სახელშიც იკითხება – გამოკვებოს ბავშვები და ასევე, უზრუნველყოს მათი განათლება. ყველაფერი ტილოს 1 ჩანთით დაიწყო, რომელზეც ეწერა - “FEED 1”. დღეს ბრენდი ტყავის ხელჩანთებს, ტანისამოსს და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია საქველმოქმედო მონაგარს უცნაურად, მაგრამ საინტერესოდ ითვლის – 85 მილიონი ულუფა!

 

5. WARBY PARKER სათვალეების მწარმოებელი ბრენდია, რომელთა ღირებულება ძალიან დაბალია. ამის მიუხედავად, თუ თქვენ 2 სათვალეს შეიძენთ, TOMS-ის მსგავსად, WARBY-ც 2 სათვალეს გადასცემს მათ, ვისაც ის სჭირდება. გარდა ამისა, კომპანიის ბოლო ინიციატივის “WARBY PARKER x 826” ფარგლებში, ის 826 არაკომერციულ ორგანიზაციასთან ერთად ბავშვებში წერა–კითხვის გავრცელებას უზრუნველყოფს.

 

6. SATYA JEWELRY ხელნაკეთ აქსესუარებს აწარმოებს, რომელსაც ნახევრად ძვირფასი, სიმბოლიზებული თვლებით აფორმებს. ბრენდის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ქალთა უფლებების დაცვასა და მსოფლიოს მასშტაბით დედების შვილებთან დაბრუნებას ხმარდება. ქალთა უფლებების დაცვასთან ერთად, SATYA ფონდის მეშვეობით, აფრიკაში ობოლთა თავშესაფრებსა და წყლის პროექტებზე, ბრენდმა უკვე 1 მილიონი დოლარი დახარჯა.

 

7. FASHION PROJECT ონლაინ მაღაზიაა და შეგიძლიათ მას თქვენი დიზაინერული ტანისამოსი გადასცეთ. თქვენს ყოფილ ტანისამოსს გადაუღებენ სურათს და ხელახლა გაყიდიან. თანხის 55% ქველმოქმედებას ხმარდება. 1 გაყიდული კაბის სანაცვლოდ, პროექტი 300 ულუფა საკვების შეიძენს, ხოლო 2 ფეხსაცმლის შეძენის შემთხვევაში უგანდაში მეწარმეობით დაინტერესებულ ქალებს დაეხმარებიან.

 

8. LEMLEM ეთიოპელმა მოდელმა – ლიია კებედემ შექმნა. ხელით ნაქსოვი შარფები, ტანისამოსი და აქსესუარები ტრადიციული ეთიოპიური საფეიქრო კულტურის შენარჩუნებას და ქვეყანაში ამ ტიპის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება.

 

9. FALLING WHISTLE–ის მიზანი კონგოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობაა, რასაც სამუშაო ადგილების შექმნით, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებითა და ინტერნეტთან წვდომის გაზრდით ცდილობს. სასტვენებიანი გულსაკიდები, რომელსაც ბრენდი აწარმოებს, ომისა და ჩაგვრის გაპროტესტების სიმბოლოა.

 

10. ASOS AFRICA–ს პროექტის მიზანი აფრიკაში საფეიქრო სამუშაოს უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაა. ASOS აფრიკელ ფეიქრებს საკვებითა და ჯანდაცვის ბენეფიტებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპანიამ პროექტი Pipeline შეიძინა, რომელიც ადგილობრივებისათვის წყლის მიწოდებას, პროფესიულ ტრენინგებსა და განათლების მიცემას უზრუნველყოფს.  

უკან